Tuesday, February 10, 2015

მემარცხენეობის დაბრუნება ევროპაში

 ალექსის ციპრასი (Syriza) და პაბლო იგლესიასი (Podemos) საბერძნეთში, სირიზას წინასაარჩევნო ყრილობაზე

შეიძლება ითქვას, რომ 2015 წლის 25 იანვარს , საბერძნეთში ჩატარებულმა არჩევნებმა ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, ევროპაში პირველად გაიმარჯვა არჩევნებში მკვეთრად ანტინეოლიბერალურმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც, თავისი ხედვებითა და პრინციპებით ღიად უპირისპირდება არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ექსპლუატატორულ სისტემას - რაც გაბატონებულია ევროკავშირში. ზემოთხსენებული კონკრეტული პოლიტიკური ძალა ჩვენ წარმოგვიდგება “სირიზას” ანუ რადიკალური მემაცხენე კოალიციის სახით (Συνασπισμός Ριζοσπαστικής Αριστεράς - ბერძ),რომელიც საბერძნეთში აქტიური გახდა ფისკალური პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. სირიზამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სახელმწიფო სამსახურებში აღადგინა ათასზე მეტი გათავისუფლებული თანამშრომელი: ჩვეულებრივი მოხელეებიდან დაწყებული, დამლაგებლებით დამთავრებული.
სირიზას ძირითადი აქცენტები დასმულია ეკონომიკური კრიზისისა და ფისკალურ-მონეტარული სტაგნაციური, ანტი-სოციალური, გერმანიის მიერ თავსმოხვეული ეკონომიკური პოლიტიკიდან თავის დაღწევაზე. ამ პოლიტიკის ალტერნატივად სოციალური თანასწორობის, ალტერგლობალიზმისა და მეტნაკლებად მარქსისტულ პრინციპებზე აგებული პოლიტიკის შექმნით, სირიზა უმიზნებს არამხოლოდ ლოკალურად არსებული პრობლემების მოგვარებას, შიდა ბერძნული მასშტაბით, არამედ ორიენტირებულია იმაზე, რომ გამოიწვიოს რადიკალური ცვლილებები ევროკავშირის მასშტაბით, მოახდინოს გავლენა ევროკავშირის პოლიტიკაზე და არსებული უმოქმედო, ცენტრისტი-მემარცხენე თუ სოციალ-დემოკრატიული ძალები, რომლებიც რეალურად ისევ ნეოლიბერალური პოლიტიკის გამტარებლად გვევლინებიან, ჩაანაცვლოს მოქმედი, რადიკალური მემარცხენე ძალებით. ამ პროცესის დაწყება სამხრეთ ევროპიდან, საკმაოდ კანონზომიერია, რადგან სწორედ ეს ნაწილი განიცდის ჩრდილო-ევროპული ელიტური, კორპორაციული ინტერესის მქონე ლობისტებისაგან ექსპლუატაციას. თითქოს ხდება დოვლათის მოჩვენებითი გადანაწილება მთელ ევროპაზე, მაშინ როცა ევროპაში ჩვენ ჩვეულებრივად გხვდება სამხრეთი და ჩრდილოეთი - როგორც ეკონომიკურად დაყოფილი ზონა. ჩრდილოეთი ცდილობს თავისთვის, თავისი ელიტებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის გატარებას, სამხრეთ ევროპაში მოჩვენებითი ეკონომიკური ზრდების ხარჯზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ევროკრიზისის განმაპირობებელ ფაქტორებად იქცევიან. აქედან გამომდინარე, სამხრეთ ევროპა ვეღარ ეგუება თვითმიზნად დასახულ მოჩვენებით კეთილდღეობას და ლეგიტიმაციას აძლევს არა რადიკალ მემარჯვენე, ანტი-გლობალისტურ და აუტარკიისა და ახალი იმპერიალიზმის მომხრე ლე-პენებს, ოქროს განთიადებს, თუ ლიბერალიზმის რეაქციონერულ კრიტიკოს დუგინისტებს, არამედ ისეთ ძალებს, რომლების ფოკუსირდებიან ნეგაციის ნეგაციაზე - უარყოფენ „შეუძლებელს“ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში და პირიქით, ფსონს დებენ არა ალტერნატიულ ძალაუფლებაზე, არამედ რეალური ექსპლუატაციის აღმოფხვრასა და რეალური თანასწორობის მიღებაზე ორიენტირებულ „ჩვენ შეგვიძლია“-ზე. ევროპაში არსებული პოლიტიკური სისტემა ნელ-ნელა ცილდება ცენტრს და ძლიერდებიან რადიკალური მემარჯვენე და რადიკალური მემარცხენე ძალები. ანტი-გლობალისტი მემარჯვენეები, თავისი ბუნებით სხვა არაფერს წარმოადგენენ, თუ არა ბოლშევიკურ იმპერიალისტურ ფაშისტურ ძალებს, რომლებიც ემხრობიან სახელმწიფო კაპიტალიზმსა და აუტარკიას, ხოლო საზოგადოებრივი კუთხით, მათი ლიბერალური ალტერნატივა მხოლოდ ნეო-იმპერიალისტური ფაშიზმია. უამრავი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ მკაცრად ანტი-ფაშისტმა, ანტი-ლიბერალმა და ანტი-კაპიტალისტმა სირიზამ კოალიცია ჩამოაყალიბა რადიკალ მემარჯვენე პარიად მონათლულ „დამოუკიდებელ ბერძნებთან“. ისინი არ არიან ალტერგლობალისტები, მიეკუთვნებიან უფრო მეტად ნაციონალურ-ბოლშევიკური და რელიგიური კონსერვატიზმის ჩარჩოებს.
რამ აიძულა ალექსის ციპრასის მიერ გაძღოლილ სირიზას, შესულიყო ასეთ ძალასთან კოალიციაში? საქმე იმაშია, რომ საბერძნეთის კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც უფრო მეტად რეტროგრადული, საბჭოთა ბოლშევიკური ყაიდის პრინციპებზე აგებული ძალაა, უარი თქვა სირიზასთან კოალიციაში შესვლაზე. სწორედ ამიტომ დააკლდა მხოლოდ 2 ხმა სირიზას მთავრობის ფორმირებისათვის. ასევე, ოთხმა, გაცხადებულად სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ სირიზა უარით გაისტუმრა, რადგან თავად არიან მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის, „ქამრების შემომჭერი“ პოლიტიკის მომხრეები, რასაც უპირისპირდება ციპრასის პარტია. დამოუკიდებელი ბერძნები კი, რომლებიც ანტი-გლობალისტები არიან, აღმოჩნდა ერთადერთი ძალა, რომელიც დათანხმდა სირიზასთან კოალიციაზე და განაცხადა, რომ ისინი მთლიანად მიანდობენ ციპრასის ჯგუფს ეკონომიკურ პოლიტიკას და „სამეულთან“ ბრძოლას - ე.წ. „ტროიკა“ (ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროკომისია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მიუხედავად მათი განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებებისა სხვა საკითხებთან მიმართებაში. გაცხადებულად Anti Austerity (ანტი -ქამრების შემოჭერის), ანტი- კაპიტალისტური, ანტი-მონარქიული და ალტერგლობალისტური პარტიაა ესპანური Podemos-იც (ქართ. „ჩვენ შეგვიძლია“), რომელიც შეიქმნა როგორც უბრალოდ საგანმანათლებლო მოძრაობა, მადრიდის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პაბლო იგლესიასის მიერ და 2014 წლის მაისის ევროპარლამენტის არჩევნებში 8%-იანი წარმომადგენლობა მიიღო. დღესდღეობით, მათი ალტერნატიული პოლიტიკური ხედვა ევროპის ტრანსფორმაციისა და განვითარებისა, უკვე ასწრებს სიდიდით მეორე პარტიას ესპანეთში, „სოციალისტ და მუშათა პარტიას“, ასევე „სახალხო პარტიას“, რომელსაც მხოლოდ 3%-ით ჩამოუვარდება. ეს პროცესები, შეიძლება ითქვას, პირდაპირაა გამოწვეული ახალი, სოლიდარული და რადიკალური ძალების გამოჩენით საბერძნეთში და ესპანეთში - მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ფრუსტრირებულია არსებული კაპიტალისტური და ნეოლიბერალური სისტემით, მათ ნელ-ნელა დაკარგეს რწმენა პოლიტიკური პარტიების მიმართ. სწორედ ამიტომ, სირიზასა და პოდემოსის მსგავსი ძალები სრულიად ახალ შესაძლებლობებს აძლევს როგორც პოლიტიკური მოქმედების სფეროს, ისე ბერძენ, ესპანელ თუ ევროპელ ხალხს.
სამწუხაროა, რომ დღეს, საქართველოში სრულიად არ ვეხებით თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებს და ადგილობრივი შიდა თუ გეოპოლიტიკური დღის წესრიგით განვსაზღვრავთ ყველაფერს. ქართველი ლიბერალები, რომლებიც თავისუფალ ბაზარზე ორიენტირეული ფემინიზმისა და ხატზე-დაფიცებული ნაციონალიზმის სამსახურში არიან, იგნორირებას უკეთებენ ევროპაში მიმდინარე პროცესებს, სირიზას არაკანონიკურ და გაცხადებულად ლაიცისტურ პიზიციებს, მის ეკონომიკურ მოდელს და ამ ყველაფერს კვლავაც „ბოროტ საბჭოთა კავშირს“ ადარებენ. მათ ავიწყდებათ, რომ ის, რაც საბერძნეთში კრიზისია, საქართველოში უკვე მიჩვეული, სტატიკური მდგომარეობაა. კრიზისის განმარტებაში დავესესხები გრამშს, რომელიც ამბობს, რომ კრიზისი ეს არის მდგომარეობა, სადაც კვდება ძველი და არ იბადება ახალი. ჩვენთან ეს ძალიან დიდი ხანია, ხდება - პოლიტკორექტული ნიჰილიზმით ვსულდგმულობთ, არ შეგვიძლია ორგანიზება რეალურად პრობლემატურ საკითხებზე, რაც უშუალოდ დაკავშირებულია ჩვენს საერთო და ინდივიდუალურ ყოფასთან. წარმოუდგენელია დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ „ჩვენ შეგვიძლია“, რადგან სხვა სივრცეებში არსებული სტაგნაციური მდგომარეობების ტრაფარეტული გადმოღებითა და საქართველოზე მორგებით ვართ დაკავებული. იმის მაგალითს, რომ „ჩვენ შეგვიძლია“, პირდაპირ იძლევა მსოფლიოში ახალი პოლიტიკური რეალობის დასაწყისი, მიმდინარე პროცესები, რადგან ნეოლიბერალიზმს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა, გამოუჩნდა ისეთი ალტერნატივა, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა მთელი არსებული ეკონომიკური და სოციო-პოლიტიკური სისტემის გადააზრების და დეკონსტრუქციისა.
საჭიროა სისტემური რეალობის გააზრება, მასთან ერთად კი ალტერნატიული რეალობის შემუშავების დაწყება - ეს ვერ მოხდება კრიტიკული აზროვნების განვითარების გარეშე, რადგან, ეს პროცესები სწორედაც რომ ნეგაციის ნეგაციიდან ამოდის - რაც ნამდვილად არ არის მარტივად გასააზრებელი, ან პრაქტიკაში სწრაფად მისაღწევი. ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით, მემარცხენეობის გადასარჩენად სხვა ძალა არ არსებობს, არ არსებობს სხვა საშუალება ექსპლუატაციასთან კიდევ ერხელ შესაბრძოლებლად თანამედროვე მსოფლიოში. აუცილებელია წინსვლის გაგრძელება - პოსტმოდერნიდან მოდერნში დაბრუნება შეუძლებელია. პირიქით, ჩვენ ჩვენი ალტერნატივა და ავტონომიური რეალობა უნდა შევქმნათ, რომელიც გააძლიერებს სხვა ავტონომიურ რეალობებს და მთლიანად შთანთქავს პოსტმოდერნიზმის პოლიტიკურ, ანუ მანკიერ მხარეს, ალტერმოდერნიზმის სახით.

რევაზ კარანაძე