სამწუხაროა. ი.კ.პ (იტალიის კომუნისტური პარტია) წინა ათწლეულის
პირველ ნახევარში უნდა გაგეკრიტიკებინათ:
თქვენ დააგვიანეთ, ბავშვებო.
და მნიშვნელოვანი არ არის, რომ მაშინ დაბადებულებიც
არ იყავით,
ახლა ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან
(მათ შორის ტელევიზიებიდან)
ტრაკს გილოკავენ (ალბათ სტუდენტურ ენაზე ისევ ასე ამბობენ),
მაგრამ მე არა, მეგობრებო.
თქვენ მამიკოს შვილების სახეები გაქვთ.
მძულხართ, როგორც თქვენი მამიკოები მძულს.
კარგი ჯიში არ იტყუება.
ერთნაირად ბრუციანები ხართ,
შეშინებულები, მერყევები, სასოწარკვეთილები
(ძალიან კარგია!), მაგრამ ამასთანავე იცით,
როგორ უნდა თავხედობა, შანტაჟისტობა,
სიამაყე.
ეს წვრილი ბურჟუაზიის პრეროგატივაა, მეგობრებო.
გუშინ, როდესაც ვალე ჯულიაზე პოლიციას ებრძოდით,
ჩემი სიმპათია პოლიციისკენ იყო.
იმიტომ, რომ პოლიციელები ღარიბთა შვილები არიან,
ქალაქის ან სოფლის პერიფერიიდან ჩამოსულები.
რაც შემეხება მე, მე საკმაოდ კარგად ვიცი
როგორი იყო მათი ბავშვობა:
ყოველი ათასი ლირის დათვლა, მამა, რომელიც
ვერ გაიზარდა
გაჭირვების გამო, რომელიც ძალაუფლებას არ იძლევა.
დედა, მტვირთავივით უხეში
ან ჩიტივით, ავადმყოფურად ნაზი;
უამრავი ძმა, ქოხი
ბოსტნის შუაში წითელი სალბით,
(სხვისი მიწის ნაგლეჯზე)
ფანჯრები ხედით კანალიზაციაზე
ან ბინები დიდ კორპუსებში გაჭირვებულთათვის და ასე შემდეგ
და ასე შემდეგ.
და მერე, შეხედეთ მათ, როგორ იცვამენ:
ჯამბაზებივით,
ეს უხეში ტანსაცმელი,
რომელიც სამხედრო საჭმლის, ჯარის კანცელარიის და ბრბოს სუნად ყარს,
ყველაზე უარესი, ცხადია,
ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლამდეც მიიყვანეს
(თვეში ორმოცი ათასი ლირის სანაცვლოდ)
არანაირი ღიმილი,
აღარავითარი მეგობრობა სამყაროსთან,
მოკვეთილები,
გარიყულები (არ არსებობს ამგვარი გარიყვა)
დამცირებულები,
რადგან პოლიციური თვისებების შეძენით
ყოველგვარი ადამიანური დაკარგეს (იყო საძულველი, ნიშნავს გძულდეს.)
ისინი არიან ოცის, ისევე როგორც თქვენ,
ძვირფასო გოგოებო და ბიჭებო
ცხადია, ჩვენ ერთად ვდგავართ პოლიციის ინსტიტუტის წინააღმდეგ.
მაგრამ შეეჭიდეთ სასამართლო სისტემას
და ნახავთ, პოლიციელი ბიჭები,
რომელთაც მამიკოს შვილების წმინდა ხულიგნობის სულისკვეთებით გაუსწორდით
(საუკეთესო რენესანსული ტრადიციით)
სხვა სოციალურ კლასს ეკუთვნიან.
ამგვარად, ვალე ჯულიაზე
კლასობრივი ბრძოლის ეპიზოდი გათამაშდა: და თქვენ, მეგობრებო
(თუმცა სიმართლის მხარეს იდექით)
წარმოადგენდით მდიდრებს,
იმ დროს, როცა პოლიციელები
(რომლებიც არასწორ მხარეს იდგნენ)
წარმოადგენდნენ ღარიბებს.
მაგრამ მაინც ლამაზი გამარჯვება მოიპოვეთ!
ასეთ შემთხვევებში პოლიციელებს ყვავილებს ჩუქნიან, მეგობრებო
"სტამპა"; "პოპოლო" და "კორიერე დელა სერა"
"ნიუსუიქი" და "მონდი" ტრაკებს გილოკავენ,
თქვენ მათი პირმშოები ხართ.
მათი იმედი,
და მომავალი : თუკი გამტყუნებენ კიდეც,
ნამდვილად არ აპირებენ
თქვენთან კლასობრივი ბრძოლის დაწყებას! ეს მხოლოდ
შიდა ბრძოლაა.
ინტელექტუალისთვის ან მუშისთვის,
რომელიც თქვენი ბრძოლის მიღმა დგას,
საკმაოდ სახალისო გასაცნობიერებელია,
რომ ახალგაზრდა ბურჟუამ მოხუცს სცემა,
ხოლო მოხუცმა ციხეში ჩასვა ახალგაზრდა.
ნელ-ნელა
ჰიტლერის დრო ბრუნდება : ბურჟუაზიას უყვარს,
როცა თავს საკუთარი ხელით ისჯის.
მე პატიებას ვთხოვ ჩემს ათას ან ორი ათას ახალგაზრდა ძმას,
რომლებიც მუშაობენ ტრენტოში ან ტურინში,
პავიაში ან პიზაში,
ფლორენციაში და ასევე, ცოტ-ცოტას რომში,
მაგრამ უნდა ვთქვა: სტუდენტური მოძრაობა
არ იზეპირებს სახარებას,
როგორც თქვენზე თქვენი მოხუცი მლიქვნელები ამბობენ,
რათა თავი ახალგაზრდებად იგრძნონ,
და საკუთარი ცრუ ქალწულობით ითამაშონ:
ერთადერთი, რაც ნამდვილად ნაცნობია სტუდენტებისთვის:
მამის, მოსამართლის, ან მსახურის მორალია,
დიდი ძმის კონფორმისტული ძალადობა
(რომელიც ცხადია, მამის კვალს მისდევს)
დედების კულტურის სიძულვილი, რომლებიც
გლეხობიდან გამოვიდნენ,
თუმცა დიდი ხნის წინ.
თქვენ ეს იცით, ძვირფასო ბავშვებო.
და ამას თქვენს ორ უეჭველ გრძნობაში ამჟღავნებთ:
საკუთარი უფლებების გაცნობიერებასა
(ცნობილია, დემოკრატია მხოლოდ თქვენით არის დაინტერესებული)
და ძალაუფლების წყურვილში.
დიახ, თქვენი საძაგელი ლოზუნგები
მუდამ ძალაუფლების მისაკუთრების გარშემო ტრიალებენ.
თქვენს წვერში უძლურ პატივმოყვარეობას ვხედავ,
თქვენს სიმკრთალეში - უიმედო სნობიზმს,
თქვენს მოციმციმე თვალებში - სქესობრივ გახრწნილებას
თქვენს ძლიერ ჯანმრთელობაში - ქედმაღლობას,
ცუდ ჯანმრთელობაში - უპატივცემულობას
(და მხოლოდ რამდენიმე თქვენგანში, იმათში,
რომლებიც წარმომავლობით უმდაბლესი ბურჟუაზიიდან
ან მუშათა ოჯახებიდან ხართ,
ეს ნაკლოვანებები
გარკვეულ ღირსებას ატარებენ:
შეიცან თავი შენი და სკოლა ბარბიანაში! (ტოსკანაში მდებარე სოფელ ბარბიანაში 50-იან წლებში შეიქმნა სკოლა გაჭირვებული გლეხების შვილებისთვის, სკოლაში ცდილობდნენ პედაგოგიკის ექსპერიმენტული მეთოდების შემუშავებას.)
რეფორმისტებო! რეიფიკატორებო!
თქვენ იკავებთ უნივერსიტეტებს,
და ამბობთ, რომ იგივე უნდა გააკეთონ
ახალგაზრდა მუშებმა.
მაგრამ აი რაშია საქმე:
ინერვიულებენ მათ პრობლემებზე "კორიერე დელა სერა" და "სტამპა"
"ნიუსუიქი" და "მონდი"?
განა შემოიფარგლება პოლიცია
დაკავებულ ფაბრიკაში
ორიოდე პანღურის მიღებით?
და რაც მთავარია, როგორ შეძლებს ახალგაზრდა მუშა
დათანხმდეს ფაბრიკის დაკავებას ისე,
რომ სამი დღის მერე შიმშილით არ მოკვდეს?
კი ბატონო, წადით, დაიკავეთ
უნივერსიტეტები, შვილებო,
მაგრამ მიეცით მშობლებისგან მიღებული საზრდოს ნახევარი
ახალგაზრდა მუშებს, რათა შეძლონ
თქვენთან ერთად
ფაბრიკების დაკავება, ძალიან ვწუხვარ.
ეს ბანალური შემოთავაზებაა:
ამასთანავე, შანტაჟისტური.
და რაც მთავარია, ცარიელი.
თქვენი ბურჟუაზიულობიდან გამომდინარეობს
თქვენი ანტიკომუნიზმიც.
ხოლო მუშები, ისინი დარჩნენ
1950-ში და უფრო ადრე.
ისეთი ძველი იდეა, როგორიც წინააღმდეგობაა,
(რომლის უარყოფაც ოცი წლის წინ იყო საჭირო, და თქვენთვის უარესი,
რომ მაშინ დაბადებულებიც არ იყავით)
ჯერ კიდევ ფეთქავს პროვინციელი ადამიანების გულებში.
არა მგონია, მუშები ფრანგულად და ინგლისურად ლაპარაკობდნენ,
მხოლოდ რომელიმე უბედური,
საღამოს, საკუთარ საკანში,
ცდილობს ცოტა რუსულის სწავლას.
შეწყვიტეთ საკუთარ უფლებებზე ფიქრი.
შეწყვიტეთ ბრძოლა ძალაუფლებისთვის.
გაწმენდილმა ბურჟუამ უარი უნდა თქვას
ყველა უფლებაზე
და საკუთარი სულიდან ერთხელ და სამუდამოდ
განდევნოს
ძალაუფლების იდეა.
თუ დიდმა ლამამ იცის, რომ დიდი ლამაა,
ესე იგი, იგი დიდი ლამა არ არის (არტო);
მაშასადამე, მასწავლებლები, რომელთაც
ყოველთვის ეცოდინებათ, რომ მასწავლებლები არიან,
ვერასდროს იქნებიან მასწავლებლები.
ეს ყველაფერი ლიბერალიზმია - დაუტოვეთ ის ბობ კენედის.
მასწავლებლებად იქცევიან ქარხნების და არა უნივერსიტეტების
დაკავებისას: თქვენი მლიქვნელები
(მათ შორის კომუნისტები)
არ გეუბნებიან ბანალურ ჭეშმარიტებას:
თქვენ აპოლიტიკური იდეალისტების ახალი ჯიში ხართ,
ისევე როგორც თქვენი მამები - ისინი,
რომლებიც ვერა და ვერ გაიზარდნენ.
შეხედეთ ამერიკელებს, თქვენს
შესანიშნავ თანატოლებს,
თავიანთი სულელური ფერებით,
ისინი განაგრძობენ "ახალი" რევოლუციური ენის გამოგონებას.
ისინი მას დღიდან დღემდე იგონებენ!
მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ აკეთოთ იგივე, იმიტომ რომ
ევროპაში უკვე არსებობს ასეთი ენა:
იქნებ შეგიძლიათ მისი უგულებელყოფა?
დიახ, თქვენ გინდათ მისი უგულებელყოფა, ("ტაიმსისა" და "ტემპოს" სასიხარულოდ)
თქვენ მას უგულებელყოფთ,
მორალური პროვინციალიზმით,
მიიწევთ რა "უფრო მარცხნივ",
"უკიდურეს მემარცხენეებად" ქცევისთვის,
უცნაურია,
უბედური, ბებერი, ტოლიატიური,
ოფიციოზური კომუნისტური პარტიის ენის მოშორებით
თქვენ მისი ერეტიკული ვარიანტი მიიღეთ,
რომელიც უიდეოლოგო სოციოლოგების (ან მამა-ბიუროკრატების)
დაბალი დონის ჟარგონს ეფუძნება.
ასე საუბრით, თქვენ ყველაფერს სიტყვებით ითხოვთ,
ფაქტობრივად კი ითხოვთ მხოლოდ იმას,
რისი უფლებაც გაქვთ (როგორც კარგი, ბურჟუაზიული ბავშვები):
გადაუდებელი რეფორმების სერიას,
ახალი პედაგოგიური მეთოდების გამოყენებას და
სახელმწიფო აპარატის გადახალისებას.
ყოჩაღ! აი წმინდა გრძნობები!
ბურჟუაზიის ბედნიერი ვარსკვლავი შეგეწიოთ.
მთვრალები ახალგაზრდა პოლიციელებზე გამარჯვების მოპოვებით, რომლებსაც
გაჭირვება მონებად ყოფნას აიძულებს,
ისე იქცევით,
როგორც ქალები, რომლებიც ეთამაშებიან, ამცირებენ
არასასურველ მდიდარ თაყვანისმცემელს.
თქვენ უარყოფთ ერთადერთ ინსტრუმენტს, რომლითაც მართლაც შეიძლება მამებთან ბრძოლა:
კომუნიზმს.
იმედია, გაიგეთ:
იყოთ პურიტანები
ნიშნავს შეეწინააღმდეგოთ ნამდვილ რევოლუციურ მოქმედებას.
საჩქაროდ, ბავშვებო,
მიდით, დაესხით კომპარტიის განყოფილებებს!
დაიკავეთ სივრცეები!
დაიკავეთ ცენტრალური კომიტეტის ოფისები!
გაშალეთ ბანაკი ვია დელ ბოტეგა ოსკურაზე! (კომპარტიის ოფისის ადგილი)
თუ ძალაუფლება გსურთ,
ისეთი პარტიის ძალაუფლებას მაინც დაეპატრონეთ,
რომელიც ასე თუ ისე ოპოზიციურია
(თუმცა საკმაოდ ნათრევი, ორბორტიან პიჯაკებში გამოწყობილი სენიორების მმართველობის,
ბოჩეს მოყვარულების, ლიტოტესების მოყვარულების, თქვენი გულისამრევი მამების ბურჟუა თანატოლების გამო)
და თეორიაში მაინც ისახავს მიზნად ძალაუფლების განადგურებას.
მართალია, ეჭვი მეპარება, რომ ის გაბედავს
ბურჟუაზიულობის ელემენტების დანგრევას,
რაც თვითონ მასშია,
თქვენი დახმარებითაც კი,
რადგან
კარგი ჯიში არ მოიტყუება...
მაგრამ მაინც: კომპარტია - ახალგაზრდობას!
თუმცა რას გირჩევთ აქ? რისკენ გიბიძგებთ?
ვნანობ, ვნანობ,
მე ავცდი ნაკლები ბოროტებისკენ მიმავალ გზას,
ღმერთმა დამწყევლოს, არ მისმინოთ.
ამაოდ, ამაოდ შანტაჟირებული შანტაჟისტი
მე ყველგან ვყაყანებდი საღ აზრზე!
ძლივს მოვახერხე გაჩერება,
ფანატიკური დუალიზმის და ორაზროვნების ერთდროული გადარჩენით..
მაგრამ სირცხვილი მავსებს,
ნუთუ თქვენს გვერდით
სამოქალაქო ომში ჩაბმის შესაძლებლობაზე უნდა ვიფიქრო
და განზე გავდო რევოლუციის
ჩემებური, ძველი იდეა?
გიორგი ღვინჯილიას თარგმანი
Showing posts with label რეფლექსია. Show all posts
Showing posts with label რეფლექსია. Show all posts
Thursday, September 3, 2015
Tuesday, February 10, 2015
მემარცხენეობის დაბრუნება ევროპაში
![]() |
| ალექსის ციპრასი (Syriza) და პაბლო იგლესიასი (Podemos) საბერძნეთში, სირიზას წინასაარჩევნო ყრილობაზე |
შეიძლება ითქვას, რომ 2015 წლის 25 იანვარს , საბერძნეთში ჩატარებულმა არჩევნებმა ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, ევროპაში პირველად გაიმარჯვა არჩევნებში მკვეთრად ანტინეოლიბერალურმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც, თავისი ხედვებითა და პრინციპებით ღიად უპირისპირდება არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ექსპლუატატორულ სისტემას - რაც გაბატონებულია ევროკავშირში. ზემოთხსენებული კონკრეტული პოლიტიკური ძალა ჩვენ წარმოგვიდგება “სირიზას” ანუ რადიკალური მემაცხენე კოალიციის სახით (Συνασπισμός Ριζοσπαστικής Αριστεράς - ბერძ),რომელიც საბერძნეთში აქტიური გახდა ფისკალური პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. სირიზამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სახელმწიფო სამსახურებში აღადგინა ათასზე მეტი გათავისუფლებული თანამშრომელი: ჩვეულებრივი მოხელეებიდან დაწყებული, დამლაგებლებით დამთავრებული.
სირიზას ძირითადი აქცენტები დასმულია ეკონომიკური კრიზისისა და ფისკალურ-მონეტარული სტაგნაციური, ანტი-სოციალური, გერმანიის მიერ თავსმოხვეული ეკონომიკური პოლიტიკიდან თავის დაღწევაზე. ამ პოლიტიკის ალტერნატივად სოციალური თანასწორობის, ალტერგლობალიზმისა და მეტნაკლებად მარქსისტულ პრინციპებზე აგებული პოლიტიკის შექმნით, სირიზა უმიზნებს არამხოლოდ ლოკალურად არსებული პრობლემების მოგვარებას, შიდა ბერძნული მასშტაბით, არამედ ორიენტირებულია იმაზე, რომ გამოიწვიოს რადიკალური ცვლილებები ევროკავშირის მასშტაბით, მოახდინოს გავლენა ევროკავშირის პოლიტიკაზე და არსებული უმოქმედო, ცენტრისტი-მემარცხენე თუ სოციალ-დემოკრატიული ძალები, რომლებიც რეალურად ისევ ნეოლიბერალური პოლიტიკის გამტარებლად გვევლინებიან, ჩაანაცვლოს მოქმედი, რადიკალური მემარცხენე ძალებით.
ამ პროცესის დაწყება სამხრეთ ევროპიდან, საკმაოდ კანონზომიერია, რადგან სწორედ ეს ნაწილი განიცდის ჩრდილო-ევროპული ელიტური, კორპორაციული ინტერესის მქონე ლობისტებისაგან ექსპლუატაციას. თითქოს ხდება დოვლათის მოჩვენებითი გადანაწილება მთელ ევროპაზე, მაშინ როცა ევროპაში ჩვენ ჩვეულებრივად გხვდება სამხრეთი და ჩრდილოეთი - როგორც ეკონომიკურად დაყოფილი ზონა. ჩრდილოეთი ცდილობს თავისთვის, თავისი ელიტებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის გატარებას, სამხრეთ ევროპაში მოჩვენებითი ეკონომიკური ზრდების ხარჯზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ევროკრიზისის განმაპირობებელ ფაქტორებად იქცევიან. აქედან გამომდინარე, სამხრეთ ევროპა ვეღარ ეგუება თვითმიზნად დასახულ მოჩვენებით კეთილდღეობას და ლეგიტიმაციას აძლევს არა რადიკალ მემარჯვენე, ანტი-გლობალისტურ და აუტარკიისა და ახალი იმპერიალიზმის მომხრე ლე-პენებს, ოქროს განთიადებს, თუ ლიბერალიზმის რეაქციონერულ კრიტიკოს დუგინისტებს, არამედ ისეთ ძალებს, რომლების ფოკუსირდებიან ნეგაციის ნეგაციაზე - უარყოფენ „შეუძლებელს“ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში და პირიქით, ფსონს დებენ არა ალტერნატიულ ძალაუფლებაზე, არამედ რეალური ექსპლუატაციის აღმოფხვრასა და რეალური თანასწორობის მიღებაზე ორიენტირებულ „ჩვენ შეგვიძლია“-ზე.
ევროპაში არსებული პოლიტიკური სისტემა ნელ-ნელა ცილდება ცენტრს და ძლიერდებიან რადიკალური მემარჯვენე და რადიკალური მემარცხენე ძალები. ანტი-გლობალისტი მემარჯვენეები, თავისი ბუნებით სხვა არაფერს წარმოადგენენ, თუ არა ბოლშევიკურ იმპერიალისტურ ფაშისტურ ძალებს, რომლებიც ემხრობიან სახელმწიფო კაპიტალიზმსა და აუტარკიას, ხოლო საზოგადოებრივი კუთხით, მათი ლიბერალური ალტერნატივა მხოლოდ ნეო-იმპერიალისტური ფაშიზმია. უამრავი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ მკაცრად ანტი-ფაშისტმა, ანტი-ლიბერალმა და ანტი-კაპიტალისტმა სირიზამ კოალიცია ჩამოაყალიბა რადიკალ მემარჯვენე პარიად მონათლულ „დამოუკიდებელ ბერძნებთან“. ისინი არ არიან ალტერგლობალისტები, მიეკუთვნებიან უფრო მეტად ნაციონალურ-ბოლშევიკური და რელიგიური კონსერვატიზმის ჩარჩოებს.
რამ აიძულა ალექსის ციპრასის მიერ გაძღოლილ სირიზას, შესულიყო ასეთ ძალასთან კოალიციაში? საქმე იმაშია, რომ საბერძნეთის კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც უფრო მეტად რეტროგრადული, საბჭოთა ბოლშევიკური ყაიდის პრინციპებზე აგებული ძალაა, უარი თქვა სირიზასთან კოალიციაში შესვლაზე. სწორედ ამიტომ დააკლდა მხოლოდ 2 ხმა სირიზას მთავრობის ფორმირებისათვის. ასევე, ოთხმა, გაცხადებულად სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ სირიზა უარით გაისტუმრა, რადგან თავად არიან მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის, „ქამრების შემომჭერი“ პოლიტიკის მომხრეები, რასაც უპირისპირდება ციპრასის პარტია. დამოუკიდებელი ბერძნები კი, რომლებიც ანტი-გლობალისტები არიან, აღმოჩნდა ერთადერთი ძალა, რომელიც დათანხმდა სირიზასთან კოალიციაზე და განაცხადა, რომ ისინი მთლიანად მიანდობენ ციპრასის ჯგუფს ეკონომიკურ პოლიტიკას და „სამეულთან“ ბრძოლას - ე.წ. „ტროიკა“ (ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროკომისია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მიუხედავად მათი განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებებისა სხვა საკითხებთან მიმართებაში.
გაცხადებულად Anti Austerity (ანტი -ქამრების შემოჭერის), ანტი- კაპიტალისტური, ანტი-მონარქიული და ალტერგლობალისტური პარტიაა ესპანური Podemos-იც (ქართ. „ჩვენ შეგვიძლია“), რომელიც შეიქმნა როგორც უბრალოდ საგანმანათლებლო მოძრაობა, მადრიდის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პაბლო იგლესიასის მიერ და 2014 წლის მაისის ევროპარლამენტის არჩევნებში 8%-იანი წარმომადგენლობა მიიღო. დღესდღეობით, მათი ალტერნატიული პოლიტიკური ხედვა ევროპის ტრანსფორმაციისა და განვითარებისა, უკვე ასწრებს სიდიდით მეორე პარტიას ესპანეთში, „სოციალისტ და მუშათა პარტიას“, ასევე „სახალხო პარტიას“, რომელსაც მხოლოდ 3%-ით ჩამოუვარდება. ეს პროცესები, შეიძლება ითქვას, პირდაპირაა გამოწვეული ახალი, სოლიდარული და რადიკალური ძალების გამოჩენით საბერძნეთში და ესპანეთში - მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ფრუსტრირებულია არსებული კაპიტალისტური და ნეოლიბერალური სისტემით, მათ ნელ-ნელა დაკარგეს რწმენა პოლიტიკური პარტიების მიმართ. სწორედ ამიტომ, სირიზასა და პოდემოსის მსგავსი ძალები სრულიად ახალ შესაძლებლობებს აძლევს როგორც პოლიტიკური მოქმედების სფეროს, ისე ბერძენ, ესპანელ თუ ევროპელ ხალხს.
სამწუხაროა, რომ დღეს, საქართველოში სრულიად არ ვეხებით თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებს და ადგილობრივი შიდა თუ გეოპოლიტიკური დღის წესრიგით განვსაზღვრავთ ყველაფერს. ქართველი ლიბერალები, რომლებიც თავისუფალ ბაზარზე ორიენტირეული ფემინიზმისა და ხატზე-დაფიცებული ნაციონალიზმის სამსახურში არიან, იგნორირებას უკეთებენ ევროპაში მიმდინარე პროცესებს, სირიზას არაკანონიკურ და გაცხადებულად ლაიცისტურ პიზიციებს, მის ეკონომიკურ მოდელს და ამ ყველაფერს კვლავაც „ბოროტ საბჭოთა კავშირს“ ადარებენ. მათ ავიწყდებათ, რომ ის, რაც საბერძნეთში კრიზისია, საქართველოში უკვე მიჩვეული, სტატიკური მდგომარეობაა. კრიზისის განმარტებაში დავესესხები გრამშს, რომელიც ამბობს, რომ კრიზისი ეს არის მდგომარეობა, სადაც კვდება ძველი და არ იბადება ახალი. ჩვენთან ეს ძალიან დიდი ხანია, ხდება - პოლიტკორექტული ნიჰილიზმით ვსულდგმულობთ, არ შეგვიძლია ორგანიზება რეალურად პრობლემატურ საკითხებზე, რაც უშუალოდ დაკავშირებულია ჩვენს საერთო და ინდივიდუალურ ყოფასთან. წარმოუდგენელია დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ „ჩვენ შეგვიძლია“, რადგან სხვა სივრცეებში არსებული სტაგნაციური მდგომარეობების ტრაფარეტული გადმოღებითა და საქართველოზე მორგებით ვართ დაკავებული. იმის მაგალითს, რომ „ჩვენ შეგვიძლია“, პირდაპირ იძლევა მსოფლიოში ახალი პოლიტიკური რეალობის დასაწყისი, მიმდინარე პროცესები, რადგან ნეოლიბერალიზმს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა, გამოუჩნდა ისეთი ალტერნატივა, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა მთელი არსებული ეკონომიკური და სოციო-პოლიტიკური სისტემის გადააზრების და დეკონსტრუქციისა.
საჭიროა სისტემური რეალობის გააზრება, მასთან ერთად კი ალტერნატიული რეალობის შემუშავების დაწყება - ეს ვერ მოხდება კრიტიკული აზროვნების განვითარების გარეშე, რადგან, ეს პროცესები სწორედაც რომ ნეგაციის ნეგაციიდან ამოდის - რაც ნამდვილად არ არის მარტივად გასააზრებელი, ან პრაქტიკაში სწრაფად მისაღწევი. ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით, მემარცხენეობის გადასარჩენად სხვა ძალა არ არსებობს, არ არსებობს სხვა საშუალება ექსპლუატაციასთან კიდევ ერხელ შესაბრძოლებლად თანამედროვე მსოფლიოში. აუცილებელია წინსვლის გაგრძელება - პოსტმოდერნიდან მოდერნში დაბრუნება შეუძლებელია. პირიქით, ჩვენ ჩვენი ალტერნატივა და ავტონომიური რეალობა უნდა შევქმნათ, რომელიც გააძლიერებს სხვა ავტონომიურ რეალობებს და მთლიანად შთანთქავს პოსტმოდერნიზმის პოლიტიკურ, ანუ მანკიერ მხარეს, ალტერმოდერნიზმის სახით.
რევაზ კარანაძე
რევაზ კარანაძე
Labels:
რეფლექსია
Thursday, October 23, 2014
ორი სიტყვა სამხატვრო აკადემიასა და განათლების სისტემის გლობალური კოლაფსის შესახებ
21 ოქტომბერს, გადაცემაში "რეალური სივრცე", თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლების პროცესის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტუდენტები და გათავისუფლებული პროფესორი აკადემიის ადმინისტრაციასა და მათ დამცველ სტუდენტებს დაუპირისპირდნენ.
იმაზე რომ არ ვისაუბროთ, თუ რის მანიშნებელია ყველა უნივერსიტეტში პროტესტის გაჩენასთან ერთად გაჩენილი "ადმინისტრაციის დამცველი" სტუდენტების გამოჩენა და რა სიმპტომატურია მათი არგუმენტები [მაგალითად, პრობლემის "გარეთ გატანის" შიში], მინდა გამოვეხმაურო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსის, ნანა ქუთათელაძის გამოსვლას, რომელიც საკმაოდ ნიშანდობლივად მეჩვენება საგანმანათლებლო სივრცეში გაჩენილი პრობლემების ანალიზისათვის.
ნანა ქუთათელაძის გამოსვლა ამ გადაცემაში არის პირდაპირი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორი პირდაპირი იმპლანტაციის წესით ინერგება საგანმანათლებლო სივრცეში საბაზრო დინამიკა, როგორ ანაცვლებს განათლების პრიორიტეტს ბაზრის პრიორიტეტები, როგორ იქცევა უნივერსიტეტი საწარმოდ - და რა საფრთხეებს ხედავს ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნებისმიერ ცვლილებაში : "წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტს აღარ მოყვება ფული" "არ მოხდება საზღვარგარეთ მობილობა" "აქედან გამომდინარე ორიენტირებული ვხდებით "ლიდერ-სტუდენტზე" და ასე შემდეგ. საქმე ისაა, რომ როგორც ვერ შეიტან ვერავითარ კორექტირებას მორალური ან განმანთავისუფლებლური მოტივაციით საწარმოში, რომელიც ფუნქციონირებს კონკრეტული შედეგის - მოგების - მისაღებად, ისევე შეურაცხადია ნებისმიერი საგანმანათლებლო სივრცე ცვლილებების მისაღებად, რადგან ის აღარ არის საგანმანათლებლო სივრცე. პრობლემა აკადემიაში კიარა, განათლების სისტემაშია. პრობლემა საქართველოს განათლების სისტემაში კიარა, განათლების სისტემის ზოგად კრიზისშია, რომელიც მუტაბელურია მხოლოდ საბაზრო კონიუნქტურების ცვლილებასთან მიმართებაში.
ამიტომაა აუცილებელი საუბარი დაიწყოს არა კონკრეტულ პრობლემებზე, არამედ პრობლემების ძირზე, ამიტომაა საჭირო სტუდენტებმა პოლიტიკურ კონტექსტში დაინახონ თავიანთი პირადი დაბრკოლებები - განათლების მიღება, როგორც აქტი - მთლიანად სიმულაციურია და რასაც ეს სტუდენტები ასახელებენ, ეს პრობლემები მართლა რომ მოგვარდეს , ანუ შეიქმნას სიმულაცია "თავისუფალი სივრცისა" - მთავარი პრობლემა არ გადაიჭრება.
ვერცერთი სტუდენტი, რომელიც ინდივიდუალისტური თავისუფლების, ან "ხელოვნებისათვის" დამახასიათებელი თავისუფლების აუცილებლობის მიზნით იბრძვის, ვერ მიიღებს შედეგად თავისუფლებას. ერთადერთი გზა, რომ სტუდენტებმა მიიღონ თავისუფალი და ცოცხალი სასწავლო პროცესი, არა ინდივიდუალისტური მოთხოვნების დასმაა, არამედ ს ა ე რ თ ო ინტერესი, განათლების მიღების მსურველთა საერთო, ავტონომიური ინტერესი (ავტონომიური დომინანტური სისტემებისაგან) და ეს საერთო ინტერესი არის ბრძოლა თავად განათლების განსაზღვრებისთვის - სივრცეებისთვის, რომელიც გულისხმობს აზროვნების პროცესს განვითარების პერსპექტივით - ამ განვითარებაში კი არ იგულისხმება რომელიმე სტუდენტის განვითარება, ან სტუდენტთა უნარ-ჩვევების მაქსიმუმამდე განვითარება, არამედ განვითარება თავად - განვითარება შექმნილი, ზოგადი სიტუაციისა, რეალობისა,რაც უნდა განაპირობოს სტუდენტების მიერ განათლების პროცესში ჩამოყალიბებულმა კრიტიკულმა და გახსნილმა ცნობიერებამ - ს ა ე რ თ ო ზ ე და არა კერძოზე ზრუნვისკენ მოწოდებულმა ცნობიერებამ.
როცა სტუდენტი მომხმარებელია, უნივერსიტეტი იქცევა კაპიტალისტურ საწარმოდ და პირიქით. სტუდენტური სესხები და კრედიტები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რის მეშვეობითაც სტუდენტი-მომხმარებელი ამდიდრებს ერთის მხრივ მისი - როგორც წინასწარგანსაზღვრული სამუშაო ძალის -მაწარმოებელ კაპიტალისტურ საწარმოს, მეორეს მხრივ - ზოგადად კაპიტალს : რომელიც დებს ინვესტიციას მომხმარებელ-სტუდენტში თავისი სტანდარტიზებული განათლებით, საიდანაც ორმაგ სარგებელს ამოიღებს - ფინანსურ მოგებას და ბაზარზე ადაპტირებულ მუშაკს. ეს არის კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ წარმატებულად კვლავწარმოებს კაპიტალის წესი განათლებაში, და სტუდენტს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კონსუმერს, ბოლომდე აქვს ილუზია იმისა, რომ თავად დებს ინვესტიციას "სწავლაში", რომელსაც დასაქმების შემდეგ მიღებული ხელფასით ამოიღებს.
შედეგად გვაქვს "სწავლა" - ვალის ამოსაღებად, "სწავლება" - კაპიტალის ორმაგი სარგებელისთვის. ამ ორი ტრაფარეტული პრაქტიკის დიალექტიკა კი ჩვენი ბედნიერი გლობალური სტატუს-ქვოს ერთ-ერთი მსხვილი დასაყრდენი ბოძია.
ჩვენ გვჭირდება კრიტიკული და არა სტანდარტიზებული განათლება.
და თუ განათლება მოიცავს შემეცნებას , კვლევას და აზროვნების პროცესს, მაშინ განათლების ცნება ანტაგონისტურია დღევანდელ "სწავლების" ცნებასთან, დღევანდელ განათლების პროცესთან მთლიანად - რადგან აქ ჩვენ არათუ ვერ შევიმეცნებთ და გამოვიკვლევთ, არამედ ვერც აღვწერთ და ვერც დავინახავთ რეალობას და რეალობის მაწარმოებელ პროცესებს.
სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის ავტორი სტუდენტების ჯგუფი ნამდვილად სოლიდარობისა და მხარდაჭერის ღირსია, პირველ რიგში მხარდაჭერის ღირსია განათლების ავტონომიური ინტერესისათვის მებრძოლი პროფესორი, რომელიც გაათავისუფლეს, მაგრამ ეს ბრძოლა გაცილებით ფუნდამენტური ბრძოლა უნდა გახდეს, ამ ბრძოლამ თავის თავში აუცილებლად უნდა მოიაზროს განათლების ზოგადი პრობლემატიკა და ის გლობალური პროცესი, რომლის ტრაფარეტულმა, ზედაპირულმა გადმოტანამ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეებში შექმნა დღევანდელი აკადემია და რომლის მოტანილი "პლუსები", რომელიც ნანა ქუთათელაძემ ახსენა, არასოდეს არის პლუსები სტუდენტებისა და ლექტორებისათვის, არასოდეს არის ეს პლუსები განვითარების პროცესისათვის - ამ პლუსებით სარგებელს ვერ ნახულობს ვერც კონკრეტული სფერო, ვერც საზოგადოება, ვერც სახელმწიფო. ეს არის პლუსები უნივერსიტეტში სტუდენტის გათეთრებისათვის, რომელიც "შეტანილი" ფულია - ეს არის პლუსები ბაზრის ლოგიკისათვის, რომელსაც უნდა მოერგოს "ლიდერი-სტუდენტი".
ალექსანდრა აროშვილი
Labels:
რეფლექსია
Subscribe to:
Posts (Atom)
