Thursday, October 23, 2014

ორი სიტყვა სამხატვრო აკადემიასა და განათლების სისტემის გლობალური კოლაფსის შესახებ


21 ოქტომბერს, გადაცემაში "რეალური სივრცე", თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლების პროცესის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტუდენტები და გათავისუფლებული პროფესორი აკადემიის ადმინისტრაციასა და მათ დამცველ სტუდენტებს დაუპირისპირდნენ.
იმაზე რომ არ ვისაუბროთ, თუ რის მანიშნებელია  ყველა უნივერსიტეტში პროტესტის გაჩენასთან ერთად გაჩენილი "ადმინისტრაციის დამცველი" სტუდენტების გამოჩენა  და რა სიმპტომატურია მათი არგუმენტები [მაგალითად, პრობლემის "გარეთ გატანის" შიში], მინდა გამოვეხმაურო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსის, ნანა ქუთათელაძის გამოსვლას, რომელიც  საკმაოდ ნიშანდობლივად მეჩვენება საგანმანათლებლო სივრცეში გაჩენილი პრობლემების ანალიზისათვის.
ნანა ქუთათელაძის გამოსვლა ამ გადაცემაში არის პირდაპირი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორი პირდაპირი იმპლანტაციის წესით ინერგება საგანმანათლებლო სივრცეში საბაზრო დინამიკა, როგორ ანაცვლებს განათლების პრიორიტეტს ბაზრის პრიორიტეტები, როგორ იქცევა უნივერსიტეტი საწარმოდ - და რა საფრთხეებს ხედავს ადმინისტრაციის წარმომადგენელი  ნებისმიერ ცვლილებაში : "წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტს აღარ მოყვება ფული" "არ მოხდება საზღვარგარეთ მობილობა" "აქედან გამომდინარე ორიენტირებული ვხდებით "ლიდერ-სტუდენტზე" და ასე შემდეგ. საქმე ისაა, რომ როგორც ვერ შეიტან ვერავითარ კორექტირებას მორალური ან განმანთავისუფლებლური მოტივაციით საწარმოში, რომელიც ფუნქციონირებს კონკრეტული შედეგის - მოგების - მისაღებად, ისევე შეურაცხადია ნებისმიერი საგანმანათლებლო სივრცე ცვლილებების მისაღებად, რადგან ის აღარ არის საგანმანათლებლო სივრცე. პრობლემა აკადემიაში კიარა, განათლების სისტემაშია. პრობლემა საქართველოს განათლების სისტემაში კიარა, განათლების სისტემის ზოგად კრიზისშია, რომელიც მუტაბელურია მხოლოდ საბაზრო კონიუნქტურების ცვლილებასთან მიმართებაში.
ამიტომაა აუცილებელი საუბარი დაიწყოს  არა კონკრეტულ პრობლემებზე, არამედ პრობლემების ძირზე, ამიტომაა საჭირო სტუდენტებმა პოლიტიკურ კონტექსტში დაინახონ თავიანთი პირადი დაბრკოლებები - განათლების მიღება, როგორც აქტი -  მთლიანად სიმულაციურია და რასაც ეს სტუდენტები ასახელებენ, ეს პრობლემები მართლა რომ მოგვარდეს , ანუ შეიქმნას სიმულაცია "თავისუფალი სივრცისა" - მთავარი პრობლემა არ გადაიჭრება.
ვერცერთი სტუდენტი, რომელიც ინდივიდუალისტური თავისუფლების, ან "ხელოვნებისათვის" დამახასიათებელი თავისუფლების აუცილებლობის მიზნით იბრძვის, ვერ მიიღებს შედეგად თავისუფლებას. ერთადერთი გზა, რომ სტუდენტებმა მიიღონ თავისუფალი და ცოცხალი სასწავლო პროცესი, არა ინდივიდუალისტური მოთხოვნების დასმაა, არამედ  ს ა ე რ თ ო ინტერესი, განათლების მიღების მსურველთა საერთო, ავტონომიური ინტერესი (ავტონომიური დომინანტური სისტემებისაგან) და ეს საერთო ინტერესი არის ბრძოლა თავად განათლების განსაზღვრებისთვის - სივრცეებისთვის, რომელიც გულისხმობს აზროვნების პროცესს განვითარების პერსპექტივით - ამ განვითარებაში კი არ იგულისხმება რომელიმე სტუდენტის განვითარება, ან სტუდენტთა უნარ-ჩვევების მაქსიმუმამდე განვითარება, არამედ განვითარება თავად - განვითარება შექმნილი, ზოგადი სიტუაციისა, რეალობისა,რაც უნდა განაპირობოს  სტუდენტების მიერ განათლების პროცესში ჩამოყალიბებულმა კრიტიკულმა და გახსნილმა ცნობიერებამ - ს ა ე რ თ ო ზ ე  და არა კერძოზე ზრუნვისკენ მოწოდებულმა ცნობიერებამ.
როცა სტუდენტი მომხმარებელია, უნივერსიტეტი იქცევა კაპიტალისტურ საწარმოდ და პირიქით. სტუდენტური სესხები და კრედიტები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რის მეშვეობითაც სტუდენტი-მომხმარებელი ამდიდრებს ერთის მხრივ მისი - როგორც წინასწარგანსაზღვრული სამუშაო ძალის -მაწარმოებელ კაპიტალისტურ საწარმოს, მეორეს მხრივ - ზოგადად კაპიტალს : რომელიც დებს ინვესტიციას მომხმარებელ-სტუდენტში თავისი სტანდარტიზებული განათლებით, საიდანაც ორმაგ სარგებელს ამოიღებს - ფინანსურ მოგებას და ბაზარზე ადაპტირებულ მუშაკს. ეს არის კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ წარმატებულად კვლავწარმოებს კაპიტალის წესი განათლებაში, და სტუდენტს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კონსუმერს, ბოლომდე აქვს ილუზია იმისა, რომ თავად დებს ინვესტიციას "სწავლაში", რომელსაც დასაქმების შემდეგ მიღებული ხელფასით ამოიღებს.
შედეგად გვაქვს "სწავლა" - ვალის ამოსაღებად, "სწავლება" - კაპიტალის ორმაგი სარგებელისთვის. ამ ორი ტრაფარეტული პრაქტიკის დიალექტიკა კი ჩვენი ბედნიერი გლობალური სტატუს-ქვოს ერთ-ერთი მსხვილი დასაყრდენი ბოძია.
ჩვენ გვჭირდება კრიტიკული და არა სტანდარტიზებული განათლება.
და თუ განათლება მოიცავს შემეცნებას , კვლევას და აზროვნების პროცესს, მაშინ განათლების ცნება ანტაგონისტურია დღევანდელ "სწავლების" ცნებასთან, დღევანდელ განათლების პროცესთან მთლიანად - რადგან აქ ჩვენ არათუ ვერ შევიმეცნებთ და გამოვიკვლევთ, არამედ ვერც აღვწერთ და ვერც დავინახავთ რეალობას და რეალობის მაწარმოებელ პროცესებს.
სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის ავტორი სტუდენტების ჯგუფი ნამდვილად სოლიდარობისა და მხარდაჭერის ღირსია, პირველ რიგში მხარდაჭერის ღირსია განათლების ავტონომიური ინტერესისათვის მებრძოლი პროფესორი, რომელიც გაათავისუფლეს, მაგრამ ეს ბრძოლა გაცილებით ფუნდამენტური ბრძოლა უნდა გახდეს, ამ ბრძოლამ თავის თავში აუცილებლად უნდა მოიაზროს განათლების ზოგადი პრობლემატიკა და ის გლობალური პროცესი, რომლის ტრაფარეტულმა, ზედაპირულმა  გადმოტანამ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეებში შექმნა დღევანდელი აკადემია და რომლის მოტანილი "პლუსები", რომელიც ნანა ქუთათელაძემ ახსენა, არასოდეს არის პლუსები სტუდენტებისა და ლექტორებისათვის, არასოდეს არის ეს პლუსები განვითარების პროცესისათვის - ამ პლუსებით სარგებელს ვერ ნახულობს ვერც კონკრეტული სფერო, ვერც საზოგადოება, ვერც სახელმწიფო. ეს არის პლუსები უნივერსიტეტში სტუდენტის გათეთრებისათვის, რომელიც "შეტანილი" ფულია - ეს არის პლუსები ბაზრის ლოგიკისათვის, რომელსაც უნდა მოერგოს "ლიდერი-სტუდენტი".


ალექსანდრა აროშვილი