Friday, March 20, 2015

შრომის დაგროვება და ქალთა დეგრადაცია: "განსხვავების" კონსტრუირება კაპიტალიზმში გადასვლისას



ნაწყვეტი წიგნიდან : "კალიბანი და გრძნეული"
ავტორი : სილვია ფედერიჩი


მე მოვითხოვ პასუხს, ნუთუ ყველა ომი, სისხლისღვრა და ტანჯვა არ შეიქმნა მაშინ,  როცა ერთმა ადამიანმა სცადა ყოფილიყო მეორის მბრძანებელი? ... და ნუთუ ეს ტანჯვა არ უნდა ამოიძირკვოს?... როცა კაცობრიობის ყველა შტო შეხედავს დედამიწას, როგორც 
ერთ, საერთო განძს ყველასთვის.

ჯერარდ უინსთენლი, სამართლიანობის ახალი კანონი, 1649

კაცისთვის ის იყო ფრაგმენტირებული საქონელი, რომლის გრძნობებსა და არჩევანს იშვიათად ითვალისწინებდა: მისი თავი და გული დაშორებულნი იყვნენ ზურგისა და ხელებისაგან და განცალკევებულნი მისი საშვილოსნოსა და ვაგინისაგან. მისი ზურგი და კუნთები მიმართული იყო საველე შრომისაკენ... მისი ხელებისგან მოითხოვდნენ თეთრი მამაკაცების მოვლას და აღზრდას ... სექსუალური სიამოვნებისთვის გამოყენებული მისი ვაგინა იყო კარიბჭე საშვილოსნომდე, რომელიც იყო კაცის კაპიტალური დაბანდების, სქესობრივი აქტის, ადგილი. შედეგად კი ბავშვი, 
დაგროვილი ზედნამატი.


ბარბარა ომოლეიდი, „სიბნელის გული“, 1983

კაპიტალიზმის განვითარება არ იყო ერთადერთი შესაძლო გამოხმაურება ფეოდალური ძალის კრიზისზე. ევროპის გარშემო, ვრცელი კოლექტიური სოციალური მოძრაობები და ფეოდალიზმის წინააღმდეგ აჯანყებულები,  სოციალურ თანასწორობასა და თანამშრომლობაზე დამყარებული ახალი, ეგალიტარული საზოგადოების შექმნის პირობას დებდნენ. თუმცა, 1525 წლისთვის, მათი ყველაზე ძლევამოსილი გამოხატულება: „გლეხთა ომი“ გერმანიაში, ან როგორც პიტერ ბლიქლი მოიხსენიებს, „ჩვეულებრივი ადამიანის რევოლუცია“, კრახით დასრულდა. შურისძიების მიზნით, ასეულობით ათასი აჯანყებული გაჟლიტეს. შემდეგ, 1535 წელს, ანაბაპტისტების მცდელობა ქალაქ მიუნსტერში - „ახალი იერუსალიმი“, რომელიც მიზნად ისახავდა ღვთის სამეფოს დედამიწაზე გადმოტანას, ასევე სისხლის მდინარეებით დასრულდა, რისი პირველადი მიზეზიც სავარაუდოდ  ლიდერების პატრიარქალური სვლა იყო. მათი მხრიდან პოლიგამიის თავზე მოხვევამ, მათ რიგებში მყოფი ქალები აიძულა აჯანყებულიყვნენ. ჯადოქრებზე ნადირობასა და კოლონიური ექსპანსიის შედეგებთან ერთად, ამ დამარცხებებმა ევროპაში მიმდინარე რევოლუციური პროცესი დაასრულა, თუმცა, სამხედრო ძალები არ იყო საკმარისი ფეოდალიზმის კრიზისის შესაჩერებლად.
გვიანი შუა საუკუნეების ფეოდალური ეკონომიკა განწირული იყო დაგროვების კრიზისის გამო, რომელიც საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ განზომილებას ჩვენ ვაჯამებთ ზოგიერთი არსებითი შეფასების საფუძველზე, რომლებიც მიუთითებენ, რომ 1350-დან 1500 წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მშრომელებსა და ბატონებს შორის არსებულ ძალაუფლებრივ ურთიერთობებში. ხელფასი გაიზარდა 100%-ით, ფასები დაეცა 33%-ით, ასევე შემცირდა გადასახადები და სამუშაო დღის ხანგრძლივობა, გაჩნდა ადგილობრივი თვითმბადობის ტენდენცია. ქრონიკული  დისაკუმულაციის არსებობის მტკიცებულება იკვეთება ვაჭრებისა და მიწის მფლობელების პესიმიზმში, ასევე ევროპული ქვეყნების მიერ ბაზრის დასაცავად მიღებულ ზომებში: შეჯიბრებითობის ჩახშობასა და ადამიანების იძულებაში, ეშრომათ თავს მოხვეულ სამუშაო პირობებში. როგორც ფეოდალური მამულების ჟურნალებშია აღნიშნული, „სამუშაო არ ღირდა საუზმედ“ (დობი, 1963: 54). ფეოდალურ ეკონომიკას არ შეეძლო საკუთარი თავის კვლავწარმოება და ვერც კაპიტალისტური საზოგადოება ამოიზრდებოდა მისგან, რადგან თვითმბადობა და ახალი მაღალხელფასიანი რეჟიმიხალხის სიმდიდრესშესაძლებელს ხდიდა, მაგრამგამორიცხავდა კაპიტალისტური სიმდიდრის შესაძლებლობას“(მარქსი 1909, ტომი I:789).
სწორედ ამ კრიზისის პასუხად დაიწყო მმართველმა კლასმა გლობალური შეტევა, რამაც კაპიტალისტური მსოფლიო სისტემის საფუძვლების შექმნით, სიმდიდრის ახალი წყაროების დაუნდობელი მითვისების მცდელობით, მისი ეკონომიკური საწყისების გაფართოებით და ახალი მშრომელების თავისი მბრძანებლობის ქვეშ მოქცევით, მინიმუმ სამი საუკუნის განმავლობაში შეცვალა დედამიწაზე ცხოვრება.
ამ პროცესის გამამყარებელი ბურჯები, როგორც ვიცით, „დაპყრობა, დამონება, ძარცვა და მკვლელობა იყვნენ მცირეოდენი დოზით“. აქედან გამომდინარეკაპიტალიზმში გადასვლისკონცეპტი მრავალმხრივაა ფიქტიური. ამ ტერმინს 1940-1950-იანი წლების ბრიტანელი ისტორიკოსები იყენებდნენ 1450-1650  შორის პერიოდის აღსაწერად, როდესაც ევროპაში ფეოდალიზმი ინგრეოდა და მის ადგილს ჯერ არც ერთი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა არ იკავებდა, თუმცა კაპიტალისტური საზოგადოების ელემენტები ფორმირებას იწყებდა.  „გადასვლისკონცეპტი გვეხმარება გავიაზროთ ცვლილების განგრძობითი პროცესი და ის საზოგადოებები, რომლებშიც კაპიტალისტური დაგროვება ჯერ კიდევ არაკაპიტალისტურ პოლიტიკურ ფორმაციებთან თანაარსებობდა. თუმცა, თავად ტერმინი, ეტაპობრივ და სწორხაზოვან ისტორიულ განვითარებაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ამ სახელის მატარებელი პერიოდი იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და წყვეტილი პერიოდი მსოფლიოს ისტორიაში. ამ ეპოქის აპოკალიფსურ ტრანსფორმაციებს ისტორიკოსები მხოლოდ ყველაზე უხეში სახელებით აღწერენ: „რკინის ხანა“ (კამენი), „ძარცვის ხანა“ (ჰოსკინსი) დაგამათრახების ხანა“ (სთოუნი). გადასვლა“ ,შესაბამისად, ვერ გაუკვალავდა გზას კაპიტალიზმის სასარგებლო ცვლილებებს და მისი ფორმირებისთვის აუცილებელ ძალებს. აქედან გამომდინარე, ამ ტომში ამ ტერმინს ძირითადად დროებითი მნიშვნელობით ვიყენებ. მაშინ, როდესაცფეოდალური რეაქციისთვისდამახასიათებელ სოციალურ პროცესებსა და კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარებაზე საუბრისას, ვიყენებ მარქსისპირველადი დაგროვებისკონცეპტს, თუმცა ვეთანხმები კრიტიკოსებს, რომ უნდა გადავიაზროთ მისი მარქსისეული ინტერპრეტაცია.
მარქსი პირველადპირველადი დაგროვებისკონცეპტს კაპიტალის პირველი ტომის ბოლოს იყენებს. ამ ტერმინით ის აღწერს ევროპაში მმართველი კლასის მიერ ინიცირებულ სოციალურ და ეკონომიკურ რესტრუქტურიზაციას, რომელიც იყო პასუხი დაგროვების კრიზისზე. ამ კონცეპტით მარქსი ამყარებს იმ აზრს (ადამ სმიტთან პოლემიკაში), რომ 1)კაპიტალიზმი ვერ განვითარდებოდა შრომისა და კაპიტალის წინასწარი კონცენტრაციის გარეშე და რომ 2) მშრომელების წარმოების საშუალებებისგან დაშორება და არა მდიდრების ზომიერება არის კაპიტალისტური სიმდიდრის წყარო. შესაბამისად, პირველადი დაგროვება სასარგებლო ტერმინია, რადგან ერთმანეთთან აკავშირებსფეოდალურ რეაქციასდა კაპიტალისტური ეკონომიკის განვითარებას და აიდენტიფიცირებს კაპიტალისტური სისტემის განვითარების ისტორიულ და ლოგიკურ პირობებს, სადაც პირველადი ისევე მიუთითებს კაპიტალისტური ურთიერთობების არსებობის წინაპირობაზე, როგორც სპეციფიკურ მოვლენაზე დროში.
თუმცა მარქსი პრიმიტიულ დაგროვებას თითქმის მხოლოდ ხელფასზე მომუშავე ინდუსტრიული პროლეტარიატის,მისი აზრით, მისი დროის რევოლუციური პროცესის პროტაგონისტის და მომავალი კომუნისტური საზოგადოების საფუძვლის, თვალთახედვით აანალიზებს. აქედან გამომდინარე პირველადი დაგროვება მის ანგარიშებში ძირითადად მოიცავს ევროპელი გლეხებისგან მიწის კონფისკაციას დათავისუფალი“, დამოუკიდებელი მშრომელის ფორმაციას, თუმცა ის აცნობიერებდა, რომ:

ამერიკაში ოქროსა და ვერცხლის აღმოჩენა, აბორიგენი მოსახლეობის ამოძირკვა, დამონება და მაღაროებში დასამარება, დაპყრობის დასაწყისი და აღმოსავლეთ ინდოეთის ძარცვა, აფრიკის გადაქცევა შავ კანზე კომერციულ სანადირო საცავად არის... პირველადი დაგროვების მთავარი მომენტები...(მარქსი 1909, ტომი I: 823).

მარქსმა ასევე შეამჩნია, რომამერიკაში დღეს არსებული,თითქოს არსაიდან გაჩენილი კაპიტალი, გუშინ ინგლისში დაბანდებული შვილების სისხლი იყო“. ამის საწინააღმდეგოდ თავის ნაშრომში ის არ ახსენებს ქალის სოციალურ პოზიციას და იმ სიღრმისეულ ტრანსფორმაციებს, რომლებიც კაპიტალიზმმა წარმოგვიდგინა სამუშაო ძალის კვლავწარმოებისას. პირველადი დაგროვების მარქსისეულ ანალიზში ასევე არაა ნახსენები 16-17 საუკუნეებისდიდი ნადირობა ჯადოქრებზე“, მიუხედავად იმისა, რომ  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ამ  დამატერორებელმა კამპანიამ ცენტრალური როლი შეასრულა ევროპელი გლეხების დამარცხებაში, გაამარტივა რა ერთ დროს საერთო მიწებიდან მათი განდევნა.
ამ და შემდგომ თავებში, მე განვიხილავ ამ განვითარებებს, განსაკუთრებით ევროპასთან მიმართებით, რის საფუძველზეც ვამტკიცებ, რომ:

1)ევროპელი გლეხების არსებობისთვის აუცილებელი საშუალებების კონფისკაცია და ადგილობრივი ამერიკელებისა და აფრიკელებისახალი სამყაროსპლანტაციებსა და მაღაროებში დამონება არ იყო ერთადერთი საშუალება რომლითაც პროლეტარიატი ფორმირდა დადაგროვდა
2)ამ პროცესისთვის საჭირო იყო სხეულის სამუშაო მანქანად გადაქცევა და ქალის სამუშაო ძალის კვლავწარმოებისთვის დამორჩილება. ყველაზე მეტად ამისთვის საჭირო იყო ქალის ძალის განადგურება, რასაც როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, მიაღწიესჯადოქრებისმოსპობით.
3) პირველადი დაგროვება არ ყოფილა უბრალოდ ექსპლუატირებადი მშრომელებისა და კაპიტალის დაგროვება და კონცენტრაცია. ის ასევე იყო განსხვავებების დაგროვება და დაყოფა მშრომელ კლასს შიგნით. აქედან გამომდინარე გენდერზე, რასაზე და ასაკზე დამყარებული იერარქია კლასობრივი მმართველობისა და თანამედროვე პროლეტარიატის ფორმირების საფუძველი გახდა.
4))აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია, მრავალი მარქსისტისგან განსხვავებით, კაპიტალისტური დაგროვების იდენტიფიკაცია მშრომელთა, ქალისა თუ კაცის, გათავისუფლებასთან ან კაპიტალიზმის გაჩენის ხედვა, როგორც  ისტორიულ პროგრესში ჩაწერილი მომენტისა. პირიქით, კაპიტალიზმმა შექმნა დამონების უფრო ბრუტალური და მზაკვრული ფორმები, ჩათესა რა პროლეტარიატის სხეულში სიღრმისეული დაყოფა, რამაც გააძლიერა და დაფარა ექსპლუატაცია - დიდწილად სწორედ ამ თავსმოხვეული დაყოფებით, განსაკუთრებით ქალსა და მამაკაცს შორის. შედეგად კაპიტალისტური დაგროვება აგრძელებს სიცოცხლისა და ცხოვრების განადგურებას პლანეტის ყოველ კუთხეში.


ლევან ილარიანის თარგმანი